დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ თვითდასაქმებულების მიმართ წარდგენილი გეგმა გაუგებრობას იწვევს, რის შედეგადაც ბევრი მოქალაქე ზარალდება.
ამის შესახებ ბექა ნაცვლიშვილმა ონლაინგაზეთ “მეტრონომთან” ინტერვიუში განაცხადა.
დამოუკიდებელი დეპუტატისთვის გაუგებარია, რატომაა განსხვავებული სოციალური დახმარების პაკეტი ფორმალური და არაფორმალური სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში.
“გეგმის მიხედვით, თვითდასაქმებულებს ერთჯერადად 300 ლარი ეკუთვნით. გაუგებარია, რატომ უნდა ეკუთვნოდეთ ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება და ვინც ოფიციალური, კონტრაქტით გათვალისწინებული სამსახური დაკარგა, მათ 6 თვის განმავლობაში 200 ლარი. კარგია, რომ ვინც ხელშეკრულებით მუშაობდა, მათ დიდ ხანს ექნებათ დახმარება, მაგრამ რას ვერჩით იმ ადამიანებს, ვისაც არ ჰქონდათ ფორმალური სამუშაო?! ეს ხომ მათი ბრალი არაა. ანუ, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვსჯით ამ ადამიანებს,”- აცხადებს ნაცვლიშვილი.
ამასთან, ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ დახმარება საერთოდ არაა გათვალისწინებული იმ ადამიანებისთვის, ვინც პანდემიამდეც უმუშევარი იყო და შემოსავლის წყარო არსაიდან აქვს.
“გარდა ამისა, ბევრი ადამიანი არის უმუშევარი, რომლებმაც სამსახური დაკარგეს პანდემიის გამოცხადებამდე. გეგმის მიხედვით, ამ ადამიანებს არანაირი დახმარება ეკუთვნით, რადგან არც ფორმალურად დასაქმებულები არიან და არც არაფორმალურად დასაქმებულები. შესაძლოა, არც სოციალურად დაუცველებიც არ არიან, რომ რაიმე სახის დახმარება მიიღონ. ასეთი ადამიანები უფრო უარეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე სოციალურად დაუცველები. ანუ, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე დარჩა დახმარების გარეშე. იმიტომ, რომ როცა ასეთი სისტემა გაქვს, როცა არაფორმალური დასაქმების მაჩვენებელი გვაქვს ძალიან მაღალი, მაშინ თუ ეს დახმარება საყოველთაოდ არ გააკეთა, რაც ნიშნავს რომ ყველა უმუშევარ ადამიანს თანაბრად დაეხმარო, მაშინ შენ ძალიან ბევრ ადამიანს უბრალოდ სჯი. ესაა დასჯა ნამდვილად,”- ბექა ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, 24 აპრილს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ხოლო, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ.
სოციალური დახმარება გათვალისწინებულია, ასევე, პენსიონერებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვისაც.