საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა COVID-19-თან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, საფრთხე კვლავაც არსებობს, ამიტომ საზოგადოებამ უნდა დაიცვას მთავარი მოთხოვნა და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დატოვოს საცხოვრებელი ადგილი.
„რა თქმა უნდა, ეს შედარებითია. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ის მსხვერპლი, რაც გვაქვს, პოზიტიურია, მაგრამ ის ციფრები, რაც არსებობს თუნდაც მეზობელ სახელმწიფოებში და ზოგადად მსოფლიოში, ეს არის დადებითი შედეგი. მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე აკრძალვის მოხსნის შემდეგ, გვქონდა მოლოდინი, რომ აკრძალვის პერიოდში მათ დაუგროვდებოდათ ისეთი საკითხები, რომელთა გადაჭრა ავტომანქანით გადაადგილებას მოითხოვდა. ასევე იყო ბევრი დაცალკევებული ოჯახი იმის გამო, რომ სააღდგომო პერიოდში მოქალაქეებმა დატოვეს ესა თუ ის გეოგრაფიული პუნქტი, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს და ხვალ ჩაკეტილ დიდ ქალაქებში შესაძლებელია დაბრუნება ფაქტობრივ მისამართზე. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ყველა ეპიდემიოლოგის, ყველა მედიკოსის, დავიცვათ სოციალური დისტანცია და მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დავტოვოთ ჩვენი საცხოვრებელი ადგილი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ 27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 496 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 149 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4932 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 568.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,025,724 მიაღწია. გარდაიცვალა 209,001 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 893,196 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.