პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება არ ნიშნავს იმას, რომ კორონავირუსთან ბრძოლა დამთავრებულია.
ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ამის მერეც აუცილებელია, მოქალაქეებმა არსებული რეკომენდაციები მკაცრად დაიცვან, რათა ქვეყანაში ვირუსი ფართოდ არ გავრცელდეს.
“ჩვენმა მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც covi19-თან გამარჯვება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი და შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ და ყველამ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება, ყველამ უნდა უზრუნველყვოთ მაქსიმალური სიფრთილხე იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში არ გავრცელდეს covid19“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, დღეიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი დაიწყო. კერძოდ, ნებადართულია მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, მათ შორის, ტაქსების ოპერირება. ასევე, 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, ქვეყნის 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა შესაძლებელია. გარდა ამისა, ნებადართულია ონლაინ ვაჭრობა, მიტანის მომსახურება და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.