დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ ერთი პაციენტია, რომელიც სახლის პირობებში მკურნალობს.
პაატა იმნაძის თქმით, ამ პაციენტთან პირველადი ტესტი უკვე უარყოფითია და განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან, რის შემდეგაც ის გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.
„ასეთი პაციენტი საქართველოში არის ერთი. ამ პაციენტს ჩაუტარდა ერთი ტესტი და იყო უარყოფითი, ველოდებით მეორე ტესტის პასუხს, რომ გახდეს უარყოფითი, რათა შესაძლებელი იყოს მისი გამოჯანმრთელებულად ჩათვლა. კლინიკურად ის აბსოლუტურად ჯანმრთელია“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით მე-6 პაციენტი, 83 წლის კაცი გარდაიცვალა.
გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 139 მოქალაქე.
ქვეყანაში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4928, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 პირი.