ახალი ამბები მთავარი

“საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის სიხარული, თითქოს იმაზე მეტი ინფიცირებულია, ვიდრე სტატისტიკაშია” – კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის სიხარული იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს იმაზე მეტი ინფიცირებულია, ვიდრე სტატისტიკაშია, საფუძველს მოკლებულია. აღნიშნული განცხადება კობახიძემ “იმედის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

„საფუძველს არის მთლიანად მოკლებული ის განცხადებები, რომლებიც ჩვენ გვესმის ოპოზიციის მხრიდან. ალბათ არც ღირს მათი განცხადებების კომენტირება, რადგან რეალურად საზოგადოება ხედავს ყველაფერს. ყველაფერს ნათლად ცხადყოფს ის რიცხვები, რომლებიც ოფიციალურ სტატისტიკაშია ასახული, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში. მთავარია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რადგან სრულ ტესტირებას ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს, გერმანიშიც კი მხოლოდ მოსახლეობის 2% გატესტილი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაძლევს სურათის აღთქმის საშუალებას, საქართველოს კი რაც შეეხება, ჩვენთან 300-ჯერ და 400-ჯერ ნაკლები მაჩვენებელია ხსენებულ ქვეყნებთან შედარებით. შესაბამისად, ეს იძლევა საკმაოდ ნათელ სურათს და გვეუბნევა იმას, რომ ჩვენი ექიმების ძალისხმევა და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა არის აბსოლიტურად შედეგიანი. მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მოთმინებით ასრულებენ ექიმების და ხელისუფლების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

ზოგადად ნებისმიერ ჯანსაღ საზოგადოებაში თუ არის წარმოდგენილი ოპოზიციის ჯანსაღი სეგმენტი, ყველა თანხმდება იმაზე, რომ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს წყდება რაიმე ტიპის აგრესიული და პოლიტიკური თავდასხმები. სამწუხაროდ ამ კუთხით გამონაკლისია ქართული პოლიტიკური სპექტრი და ოპოზიცია ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე. რა თქმა უნდა, მეთვალყურეობა და დაკვირვება ჭირდება ყველაფერს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ აბსოლიტურად საფუძველს მოკლებულ კრიტიკას ექიმების და ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების მიმართ, მათ შორის შეზღუდვების მიმართაც. გახსოვთ, რომ კამპანიაც კი დაიწყეს შეზღუდვების წინააღმდეგ, ამ დროს კი შეზღუდვებია ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ სტატისტიკის გაუმჯობესების შესაძლებლობას გვაძლევს. წმინდა წყლის პოლიტიკური მოროდიორობაა, როდესაც აბსოლიტურად უსაფუძვლო თავდასხმებით გამოირჩევი როგორც ექიმების, ასევე კონკრეტული ზომების და ხელისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 456 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 139 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5206 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,865,205 მიაღწია. გარდაიცვალა 199,984 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 816,658 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....