ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კომუნიკაცია მქონდა უკრაინელ კოლეგებთან და გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ უკრაინის პარლამენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს” – კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ვერავითარ სიკეთეს მოიტანს და ამის გაკვეთილი ქართველმა ხალხმა მიიღო.

მისი თქმით, ამის გაკვეთილი უკრაინამაც მიიღო, თუმცა როგორც ჩანს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ მეორედ არ შემოუბრუნდებოდნენ გადაწყვეტილებას.

„აქედან გამომდინარე, ჩვენი, როგორც მეგობრის ვალია, შევახსენოთ უკრაინელ მეგობრებს, რას ნიშნავს სააკაშვილის აქტიური ყოფნა პოლიტიკურ სივრცეში, რას ნიშნავდა ეს საქართველოსთვის და რას შეიძლება ის ნიშნავდეს უკრაინისთვის.

შევახსენებთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს იმას, თუ რა შედეგები გამოიწვია საქართველოს პოლიტიკაში სააკაშვილის ყოფნამ – დაწყებული სოციალური და ეკონომიკური საკითხებით, დამთავრებული ჩვენი ტერიტორიების ოცი პროცენტის რუსეთისთვის ჩაბარებით. შესაბამისად, ამ გაკვეთილიდან გამომდინარე ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმაც უნდა გააკეთონ შესაბამისი დასკვნები.

მეც მქონდა პირადად კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან, მე მაქვს ურთიერთობა სხვადასხვა დეპუტატთან, მათ შორის მათთან, ვინც საპარლამენტო ასამბლეებში არიან წარმოდგენილი და მათ საკმაოდ გაგებით მიიღეს ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ. გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ საბოლოო ჯამში უკრაინის პარლამენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “იმედის” პირდაპირ ეთერში.

იტვირთბა....