“დღეის მდგომარეობით არსებობს მაღალი ალბათობა, რომ უკრაინის რადაში ხმების არარსებობის გამო მიხეილ სააკაშვილს ისედაც არ დაამტკიცებენ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ეს განცხადებები დააზიანებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობები და უკრაინული ტურიზმი იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი ქართული ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად.
„ხელისუფლების ეს განცხადებები პირდაპირ აზიანებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. უკრაინა არის ლოკომოტივი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ჩვენ ორივე ვიბრძვით საერთო მტრის წინააღმდეგ, დაუშვებელია ამ ყველაფრის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პარტიული, პირადი თუ პოლიტიკური ინტერესების გამო, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც დღეის მდგომარეობით არსებობს მაღალი ალბათობა, რომ უკრაინის რადაში ხმების არარსებობის გამო, მიხეილ სააკაშვილს ისედაც არ დაამტკიცებენ, მაგრამ ხელისუფლების ამ განცხადებებით გაკეთებული ზიანი დარჩება და დააზიანებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს.
მინდა კატეგორიულად მოვუწოდო ხელისუფლებას, შეწყვიტონ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება, ხოლო ხელისუფლებასაც და ოპოზიციას ვთხოვო, ნუ გადმოიტანენ უკრაინული შიდა პოლიტიკის საკითხებს ქართული დაპირისპირების თემად, რადგან ამით ზიანდება საქართველოს სახელმწიფო ინტერესები“, –აცხადებს დავით ბაქრაძე