თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დადასტურდა კორონავირუსის შემთხვევა, ინფიცირებულია ექთანი – ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
„დაინფიცირებულმა ექთანმა ცხელებით სამედიცინო დაწესებულებას მიმართა და დადასტურდა მასთანაც დაავადების ფაქტი. იქაც მისულია ეპიდემიოლოგების გაძლიერებული ჯგუფი, იკვლევენ მასალებს და პირველ რიგში მედპერსონალს, აქაც არავითარი საგანგაშო არ არის, თუმცა აქაც არ არის ცალსახად დადგენილი წყარო გავრცელების.
ამ შემთხვევაშიც მოთხოვნები გვაქვს იგივე, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დავრჩეთ სახლში. ქვემო ქართლში ჯამურად ამ მოცემულობით არის 104 დადასტურებული შემთხვევა. რუსთავში ვინარჩუნებთ სტაბილურობას და მაქსიმალურად შემცირდა რაოდენობა ვინც რჩება ამ კლინიკით სამედიცინო დაწესებულებებში და ისევე როგორც მარნეულში, შენარჩუნებულია და ზრდა არ გვაქვს, ორივე მუნიციპალიტეტი როგორც იყო სტატისტიკურად, რჩება ისევ ისე“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 19 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. მისივე განცხადებით, დადასტურებულ შემთხვევებთან დადგენილი არ არის გავრცელების წყარო.
„იძულებული გავხდით, მუშევანი, ხატისოფელი და ვანათი ჩაგვეკეტა”, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 132 მოქალაქე.