კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვახტანგ კალოიანის განცხადებით, ქართული სამედიცინო დაწესებულებებიდან რეალური სტატისტიკა უცნობია.
როგორც კალოიანი ამბობს, საჭიროა ქართულ ჰოსპიტალურ სექტორში გატარებული პაციენტების რაციონალური, სამეცნიერო, არაანგაჟირებული, არაპოლიტიზირებული ანალიზი.
„ჩვენ არ ვიცით რეალური სტატისტიკა ქართული სამედიცინო დაწესებულებებიდან. ჩვენ არ ვიცით პაციენტების სიმძიმე, არ ვიცით ის კლინიკური კრიტერიუმები, რითაც ისინი კლინიკაში არიან მოთავსებულნი. დღესდღეობით არ არსებობს ოფიციალური ციფრები იმ კონტიგენტის შესახებ, რომელიც დღეს ჰოსპიტალშია მოთავსებული. ხაზს ვუსვამ, არანაირად არ ვაყენებ ეჭვის ქვეშ არც ჩვენი კოლეგების ძალიან მაღალ კვალიფიკაციას, არც ეჭვი შემაქვს მათ პროფესიულ თუ ადამიანურ გმირობაში, რასაც ისინი ყოველდღე ჩადიან. პროფესიული ეთიკა, პროფესიული წესები ითხოვს გარკვეული ინფორმაციის, გარკვეული პერიოდულობით გამოქვეყნებას, მეტი არაფერი. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ციფრებშიც საიმედო და კარგ ინფორმაციას გავიგებთ, მაგრამ უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ეს სქემა. ჩვენ ვიცით პრემიერ ჯონსონის სისხლში ჟანგბადის შემცველობა საათობრივად, ვიცით რა შეიცვალა „იელის“ უნივერსიტეტში გუშინ საღამოს, მაგრამ არ ვიცით რა ხდება საქართველოში.
ჩვენ გვჭირდება ქართულ ჰოსპიტალურ სექტორში გატარებული პაციენტების რაციონალური, სამეცნიერო, არაანგაჟირებული, არაპოლიტიზირებული ანალიზი. ჩენ გვჭირდება კლინიკურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული თემატური დესკრიფციული სტატისტიკით აღწერილი კლინიკური სურათი, რაც უდიდესი გამოცდილება იქნება იმ ხალხისთვისაც, ვინც არ არის ჩართული ამ თემაში და აქვს შანსი, რომ ნებისმიერ წამს ჩაერთოს და ზოგადად სამყაროსთვისაც. გარწმუნებთ, ის გამოცდილება, რაც ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, ღირებულია, ისევე როგორც კანადის გამოცდილება, ინგლისის გამოცდილება. ჩვენი გამოცდილებაც ღირებულია, ამას აქვს მისი ძალიან სოლიდური წონა, უბრალოდ ეს უნდა ვიცოდეთ და ამას უნდა მივცეთ შესაბამისი სამეცნიერო ფორმა“, – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 416 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 107 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5160 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,588,351 მიაღწია. გარდაიცვალა 180,015 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 706,481 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.