NCDC-ის გადამდები ინფექციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ხაზაშვილმა, “ფეისბუქ ლაივში” კორონავირუსის პირობებში გარეთ აქტივობებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
როგორც ზახაშვილი აცხადებს, გარეთ გასვლის გარეშე ადამიანები დიდხანს ვერ გაძლებენ, ეს აუცილებელი და საჭიროც არის მათი ჯანმრთელობისთვის.
“გაჩნდა რამდენიმე ნაშრომი, რომლებიც მიუთითებენ, რომ თითქოს სუფთა ჰაერზე სეირნობაც არ არის უსაფრთხო, განსაკუთრებით აქცენტირებული იყო სხვადასხვა ტიპის გარე აქტივობები – ქუჩაში სირბილი, ველოსიპედით გადაადგილება და სხვა. იყო მოსაზრებები, რომ სირბილის ან ველოსიპედით გადაადგილების დროს შეიძლება დისტანცია ჩვეულბრივ 2 მეტზე მეტი იყოს საჭირო.
თუმცა, ერთმნიშვნელოვანი მტკიცება იმისა, რომ გარეთ სეირნობას ან ჰაერზე ყოფნას ზარალი მოუტანია ადამიანთა ჯანმრთელობისთვის და ეს გამხდარიყოს კოვიდის გავრცელების ინტენსიური წყარო, მე არსად წამიკითხავს.ფაქტია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ღია სივრცეებში რისკი არის შემცირებული, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დისტანციის დაცვა არის აუცილებელი. რაც მეტი იქნება დისტანცია, მით უფრო დაცულად შეგიძლიათ ჩათვალოთ თავი.
გარეთ გასვლის გარეშე ადამიანები დიდხანს ვერ გაძლებენ, ეს აუცილებელი და საჭიროც არის მათი ჯანმრთელობისთვის. დიახ, უნდა გაისეირნოთ, უნდა იყოთ სუფთა გარემოში და ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენ და თქვენი შვილები იყოთ დისტანციებული სხვა ადამიანებისგან. ვისეირნოთ ორ-ორად და სამ-სამად, ჯგუფურად – არა” – განაცხადა ზახაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 416 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 107 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5160 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,588,351 მიაღწია. გარდაიცვალა 180,015 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 706,481 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.