დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, “ფეისბუქ ლაივში” განაცხადა, რომ წინა კვირაში გაჟღერებული რეკომენდაციების კარგმა შესრულებამ შედეგი გამოიღო.
მისი თქმით, შემდგომში მიღებული ზომების გამკაცრების საკითხი, საზოგადოების ქცევაზე იქნება დამოკიდებული.
„შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება არის საკოორდინაციო საბჭოს გადასაწყვეტი. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ საკითხში გამოდის მხოლოდ მრჩევლის როლში. ჩვენ და კიდევ სხვა ორგანიზაციები რეკომენდაციებს ვიძლევით და ხდება მათი შეჯერებით გადაწყვეტილებების მიღება. მინდა მოსახლეობამ გაიგოს და მოდით პირდაპირი ვიტყვი: ბოლო სამი თვის ანალიზმა გვიჩვენა, რომ შეცდომა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ დაშვებულა. თითქმის ყველა გადაწყვეტილება, დაწყებული საკოორდინაციო საბჭოს შექმნიდან, ფრენების შეჩერება, სწავლის შეჩერება, დისტანციური სწავლება, არასასურსათო მაღაზიების დახურვა, დიდი თავშეყრის ადგილების დახურვა, იყო სწორი.
კარგად მესმის, რომ რთულია მოჭერითი ღონისძიებები, მაგრამ ეს ახალი ველოსპედი არ არის. ყველა იმ ქვეყანამ, რომელმაც უკვე დაიწყო გამოსვლა სიტუაციიდან, გაიარა ეს გზა. ჩვენ ჯერ-ჯერობით ისევ აღმავალ მრუდზე ვართ, მაგრამ ჩვენი მრუდი საბედნიეროდ არ არის ციცაბო და ეს თქვენი, მოსახლეობის დამსახურებაა და მადლობა, რომ მხარი დაუჭირეთ მთავრობას. გაითვალისწინეთ რეკომენდაციები, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში ისმის კრიტიკა. წინა კვირაში გაჟღერებული რეკომენდაციების კარგმა შესრულებამ, რომელიც ხანდახან უჩვეულოდ მძაფრი ტონით ჟღერდებოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, ჩემი მხრიდან, დამერწმუნეთ, მოგვცა შედეგი. შედეგი არის ის რომ მრუდი ციცაბო არ არის და არ გვაქვს დიდი ნახტომი. გვაქვს გლუვი ზრდა და ზრდა კიდევ გვექნება“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება პიკს, როგორც გამყრელიძე აცხადებს, მომდევნო ორი სამი კვირა იქნება რთული და პიკური, თუმცა რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში ინფიცირებულთა რიცხვი ბევრით არ გაიზრდება.
„პიკი იანგარიშება შიდა გავრცელების დაწყებიდან მეექსვე-მერვე კვირაზე. ჩვენთან შიდა გადაცემა დაიწყო 22 მარტს . ახლა ვართ მეხუთე კვირაზე. ამიტომ ვამბობთ, რომ მომავალი 2-3 კვირა იქნება რთული. მე დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო შემზღუდავი ღონისძიებების გატარება ქვეყანას აღარ მოუწევს და ამის ერთადერთი პირობაა, რომ ჩვენ პატიოსნად შევასრულოთ მთავარი სლოგანი და დავრჩეთ სახლში. დავიცვათ სოციალური დისტანცია. არ იყოს ის, რაც გვიყვარს და გვახასიათებს ქართველებს: დიდი შეკრებები ოჯახსა და მეგობრებში. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ გავიჭირვოთ ეს კვირა და მომავალი კვირა და ვნახავთ რომ შემზღუდავი ღონისძიებები აღარ იქნება საჭირო“ , – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 416 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 107 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5160 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,588,351 მიაღწია. გარდაიცვალა 180,015 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 706,481 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.