ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ინფექციის გავრცელების ინტენსივობა, ნაკლები გვექნება ზაფხულში და უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის” – ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად Covid-19 ინფექციაზე იმოქმედებს ის გარემო ფაქტორები, რაც ჩვეულებრივ მოქმედებს ხოლმე სხვა რესპირაციულ ვირუსებზე.

როგორც ზახაშვილი აცხადებს, საზოგადოება შემოდგომისთვის უნდა მოემზადოს, რადგან შესაძლოა ისევ იყოს ამ ინფექციის გავრცელების ზრდა.

“იმედს ვიტოვებთ, რომ სეზონი გარკვეულწილად მხარს დაგვიჭერს. ამაზე მე არ ვიცი სხვა ეპიდემიოლოგებს რა შეხედულება აქვთ, ალბათ, არ შეგვეწინააღმდეგებიან იმაში, რომ მოსალოდნელია ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად კოვიდ ინფექციაზე იმოქმედოს იმ გარემო ფაქტორებმა, რაც ჩვეულებრივ მოქმედებს ხოლმე სხვა რესპირაციულ ვირუსებზე. მისი გავრცელების ინტენსივობა საიმედოდ ალბათ უფრო ნაკლები გვექნება ზაფხულში და უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის, როცა სავარაუდოდ, კიდევ იქნება ამ ინფექციის გავრცელების ზრდა” , – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 416 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 107 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5160 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,588,351 მიაღწია. გარდაიცვალა 180,015 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 706,481 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....