ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი, ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ”- კობახიძე მარნეულის აქციაზე

პარლამენტის უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე მარნეულში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ  ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი.

ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გადაწყვეტილებაზე კენჭისყრა ჩაატარეს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს არის დანაშაული და მარნეულის მოსახლეობა ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდეს.

“ახლა, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი ესწრება ამ სხდომას და ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე, ამასობაში მარნეულში „ნაცმოძრაობის“ ორი განშტოების წარმომადგენლები აწყობენ ერთობლივ აქციას. ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი, ეს არის დანაშაული და ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ისინი, რომ ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტს რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივებმა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ და ამით შემოსავლის წყარო დაკარგეს.

იტვირთბა....