მარნეულის მუნიციპალიტეტს რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
ადგილობრივებმა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ.
აქციის მონაწილეებმა მარნეულისა და სოფელ შულავერის დამაკავშირებელი გზაც გადაკეტეს.
აქციაზე იმყოფებოდა “ევროპული საქართველოს” წევრ ახმედ იმამკულიევი, რომელიც მოქალაქეების მოთხოვნას შეუერთდა.
მისი განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქალაქეებმა შემოსავლის წყარო დაკარგეს.
საპროტესტო აქციაზე მივიდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი. ადგილზე მასსა და ახმედ იმამკულიევს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
რწმუნებული ადგილობრივ მოსახლეობას დაპირდა, რომ შეეცდებიან, მარნეულიდან მეტი პროდუქტის რეალიზება მოხდეს.
რეხვიაშვილმა აქციას პოლიტიკურად მართული პროცესი უწოდა.
“ეს არის დაგეგმილი აქცია, პოლიტიკური და ეს უნდა ვუთხრა მოსახლეობას. ჩვენ გვაქვს დისტრიბუცია აწყობილი და ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია არის, რომელსაც სოფლებიდან გადააქვს ეს პროდუქტი, ახლაც შევიდნენ იმ სოფლებში და ვეცდებით, რომ უფრო მეტი რაოდენობით გადმოიტანონ და რეალიზება მოხდეს მარნეულის პროდუქტის, მათ შორის ბოლნისშიც შევიდეს,”- განაცხადა რეხვიაშვილმა.
ადგილზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალიც მივიდა და მოსახლეობის მოთხოვნებს გაეცნო.
შეგახსენებთ, 23 მარტს, მას შემდეგ, რაც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, მარნეულისა და ბოლნისის რაიონები კარანტინის ზონებად გამოაცხადა. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელთა კონტროლს საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.