პოლიციის თანამშრომელს, რომლის უმისამართოდ გასროლილმა ტყვიამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი იმსხვერპლა, საქალაქო სასამართლომ აღკევთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულს პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ შეუფარდა.
დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის გატავისუფლებას 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა. სხდომაზე სიტყვით თავად მკვლელობაში ბრალდებულიც წარსდგა.
პოლიციის თანამშრომელს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. სამართალდამცავებმა პოლიციელი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, მოგვიანებით, პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.
ცნობისთვის, შემთხვევა 19 აპრილს მოხდა, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში ბრმად გასროლილმა ტყვიამ ქალი საკუთარ სახლში იმსხვერპლა. გარდაცვლილი ქალი მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
პროკურატურის ინფორმაციით, დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ს.გ. გავიდა საცხოვრებელი ბინის აივანზე და როდესაც ქვეყანაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლებში, თავისი კუთვნილი „ვიკინგის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამოდენიმე გასროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. შედეგად, ს. გ.-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ერთ-ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, მყოფ- თ. ა.-ს, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა