“ეს არ არის დაავადება, რომელიც დიდი ხანია ვიცით. ჩვენ ახლა ვართ დაავადების მკურნალობის შემეცნების პროცესში. ამიტომაა, რომ ეს პროტოკოლები იცვლება სხვადასხვა მედიკამენტები ერთვება, ზოგიერთი მედიკამენტი საერთოდ ვარდება, როდესაც მთელი მსოფლიო ნახავს, რომ ის არაფექტურია. ძნელია ახლა ვისაუბროთ მყარ პრინციპებზე, რომლითაც ვმკურნალობთ კოვიდინფექციას იმიტომ, რომ ამ ინფექციას ჩვენ ახლა ვსწავლობთ. პერიოდი დეკემბრიდან დღემდე, ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ჩვენ შევისწავლოთ ისეთი ინფექცია, რომელმაც მთელი სამყარო შეძრა და თავდაყირა დააყენა. ამას დრო დასჭირდება. კარგი პროგნოზით, მედიკამენტი შეიძლება გვქონდეს შემოდგომაზე, ვაქცინაზე ლაპარაკია, რომ თუ ერთ წელიწადში იქნება, ბედნიერები ვიქნებით.”
ლევან გოფოძე – რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი
აღნიშნულით გოფოძე ჟურნალისტებთან კორონავირუსის კლინიკურ მართვაზე გამოცემულ პროტოკოლთან დაკავშირებით არსებულ კრიტიკას გამოეხმაურა.
17 აპრილს აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ზურაბ გურულმა პოსტი გაავრცელა, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება. ზურაბ გურულის განცხადებით, ქართული პროტოკოლი ითვალისწინებს პლაქვენილის დანიშვნას უსიმპტომო, ჯანმრთელი COVID-19-ით ინფიცირებული პირებისთვის.
აღნიშნულ პოსტს თბილისის ინფექციური საავადმყოფო დირექტორი გამოეხმაურა. როგორც კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, პროტოკოლში ძალიან მკაფიოდ და ცალსახად წერია, რომ უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტები პლაქვენილით მკურნალობას არ საჭიროებენ. მისივე თქმით, ყველა ავადმყოფის მკურნალობა ხდება ინდივიდუალური მიდგომით და არასდროს ყოფილან მხოლოდ პლაქვენილის იმედად.