პოლიციელი, რომლის უმისამართო გასროლას ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი ემსხვერპლა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
პროკურატუროს ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
“ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი.
ექსპერტების მიერ განხორციელდა ნიმუშების აღება. მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი. საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, – აღნიშნულია საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში ბრმად გასროლილმა ტყვიამ ქალი საკუთარ სახლში იმსხვერპლა. გარდაცვლილი ქალი მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა. ის ადგილზე გარდაიცვალა.