“პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ ბევრი დაავადებული დადის ქალაქში უკონტროლოდ, შეურაცხყოფას გვაყენებს ექიმებს, რომ ვმალავთ დაავადებას, რადგან სახელმწიფოს მხოლოდ ჩვენ მიერ უკვე აღმოჩენილი და დათვლილი რიცხვები მიეწოდება, მანიპულირების არანაირი ბერკეტი არ აქვს”,- ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს.
დავით გადელიას თქმით, აღნიშნულ საკითხზე სადღესასწაულო დღეებში ისმის სპეკულაციები, რაც განმარტებას ახლავე საჭიროებს. დავით გადელია ამ თემას ვრცელი პოსტით ეხმაურება.
„იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ ამ სადღესასწაულო დღეებში კეთდება სპეკულაცია, რომ ახლავე ითხოვს განმარტებას: კოვიდ-19 -ის დადგენა ხდება კლინიკებში, ე.წ. პისიარის კვლევით დამოწმებისას (მაქსიმალურად გასაგებად მინდა მოგაწოდოთ). პოზიტიური პასუხის შემთხვევაში (ანუ, როცა დასტურდება), ავადმყოფებს ვითვლით ჩვენ და დაავადებათა კონტროლის ცენტრი. თვლაში და გამოვლენაში არავითარ მონაწილეობას არ იღებს სამინისტრო, როგორც სახელმწიფო (დაავადებათა კონტროლის ცენტრიც, ცხადია ასევე სახელმწიფო სტრუქტურაა, თუმცა მას ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია კლინიკებზე).
კლინიკები დაინტერესებული ვართ, რომ არცერთი კოვიდ დაავადებული არ გაგვეპაროს! ფინანსურადაც კი სისულელეა ჩვენთვის დაავადებულის დამალვა, რომ არაფერი ვთქვათ ეპიდემიოლოგიურ და თუნდაც მორალურ ასპექტზე, რომელიც არავისზე ნაკლები არ გვაქვს. ვიკვლევთ ყველა იმ საეჭვოს, რომელსაც რაიმენაირად აქვს რისკი, გადადებოდა კორონა ვირუსი. ამის მიუხედავად, საკმაოდ მცირე პროცენტია დადებითი პასუხები. ანუ, თეორიულად შეუძლებელია უამრავი დაავადებული დადიოდეს უკონტროლოდ ქალაქში. მაქსიმუმ- დაავადებულთა 10-20 პროცენტი, რაც არაა დიდი რიცხვი და მით უფრო „უამრავი“. პოლიტიკოსი, რომელიც ამას ამბობს, შეურაცხყოფას გვაყენებს ჩვენ, ექიმებს, რომ ვმალავთ დაავადებას- რადგანაც სახელმწიფოს მხოლოდ ჩვენს მიერ უკვე აღმოჩენილი და დათვლილი რიცხვები მიეწოდება და მანიპულირების არანაირი ბერკეტი არა აქვს.
ამ დიდებულ დღეს არავის გალანძღვა არ მინდა, ამიტომ ვცდილობ დავიჯერო, რომ როდესაც მავანი პოლიტიკოსები ასეთ განცხადებას აკეთებენ, ან გადიდებულ თვალიანი შიშით მოსდით, ან საკითხის სრული უვიცობით. სავარაუდოდ, ორივეთი ერთად და იმედი მაქვს, არა აქვთ ჩვენი შეურაცხყოფის სურვილი“ , – წერს ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ჯამში ინფიცირებულია 394 მოქალაქე, მათ შორის გამოჯანმრთელდა 86 პაციენტი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5094 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 547.