ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, გერასიმე შარაშერიძის განცხადებით, იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლის გადანაწილებას ეპარქიებსა და ეკლესიებში საპატრიარქო უზრუნველყოფს.
„დღეს თბილისში ჩამობრძანდება ცეცხლი და შემდგომ ყველა ეპარქიაში გადანაწილდება. ტექნიკურად ამას მოვიფიქრებთ და ისე გავაკეთებთ, რომ არ დავარღვიოთ კანონი და წესი და ისე მოვახერხოთ ყველა ეპარქიაში, ეპარქიებიდან ეკლესია-მონასტრებში გადანაწილება. ამის ორგანიზებას საპატრიარქო გააკეთებს”, – აღნიშნა მეუფე გერასიმემ.
იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან. წელს რიტუალს მომლოცველები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ვერ ესწრებიან.
მართლმადიდებელ მრევლს საშუალება აქვს, იერუსალიმში მიმდინარე პროცესიას ლაივრეჟიმში ადევნოს თვალი.
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა ყოველ დიდ შაბათს, ადგილობრივი დროით 13:00-დან 15:00 საათამდე ხდება. მართლმადიდებელი სამყარო აღდგომას ხვალ, 19 აპრილს აღნიშნავს.