ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დონაძისგან ვითხოვ, საჯაროდ გამოვიდეს და ილაპარაკოს, როგორ იტყუებოდა ეს წლები, ამას აუცილებლად გავაკეთებინებ”- ია მეტრეველი

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი მისი შვილის საქმეზე მსჯავრდებულ გურამ დონაძის საპატიმროდან განთავისუფლებას ეხმიანება.

ია მეტრეველის განცხადებით, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, დონაძე პატიმრობაში იქნება თუ არა, მთავარია, საზოგადოებამ მისი შვილის უდანაშაულობაზე სიმართლე საბოლოოდ გაიგოს.

ამასთან, როგორც მეტრეველმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, გურამ დონაძის განთავისუფლება მძიმე ფაქტია მისთვის, მაგრამ ეს გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად მოხდა.

“ასე უცებ მის გათავისუფლებას არ ველოდი, მაგრამ როგორც ვიცი ითანამშრომლა. იცით რაშია საქმე? ჩემთვის აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა ეგენი ციხეში ისხდებიან თუ არა. ჩემთვის მთავარი იყო ის, რომ საზოგადოებას გაეგო სიმართლე, რომ ჩემს უდანაშაულო შვილს, ანგელოზივით ბავშვს, გარდა იმისა, რომ სიცოცხლე წაართვეს, საშინელება დააბრალეს. მე უფლის სამართალს ველოდები ისედაც და მაგათ ღმერთი მიუზღვავს, რაც ეკუთვნით. ნამდვილად მძიმეა ჩემთვის, რომ გავიგე გარეთაა, თუმცა, ალბათ, მნიშვნელოვანი რაღაცები ილაპარაკა. ჩემთვის მთავარია, რომ მთელმა საქართველომ იცის, რა და როგორ იყო,”- აცხადებს ია მეტრეველი.

ამასთან, ია მეტრეველი მოითხოვს, გურამ დონაძემ საჯაროდ მოყვეს, როგორ იტყუებოდა 9 წლის განმავლობაში და საზოგადოებას სიმართლე გააგებინოს.

“მე დონაძისგან ვითხოვ, ტელევიზიით აღიაროს ყველაფერი და სიმართლე თქვას. მინდა, საჯაროდ გამოვიდეს და ილაპარაკოს, როგორ იტყუებოდა მთელი წლები, ცხრა წელიწადი სასამართლოზე ტყუილებით სისხლი რომ გამიშრო. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მაგას გავაკეთებინებ აუცილებლად,”- განაცხადა ია მეტრეველმა.

ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდებული გურამ დონაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებული იყო 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.

ზაზა ბაქრაძე ერთადერთი იყო აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთაგან, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა და აცხადებდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილი იყო და ამაში მასაც ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.

2018 წლის დეკემბერში, ბუტა რობაქიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი, ზაზა ბაქრაძე და ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნო.

გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

 

იტვირთბა....