“ბატონ პაატას პატივს ვცემ, მაგრამ სჯობს მან ის დაითვალოს რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს. რეალურად რამდენი გვყავს ეს დაითვალოს. ეკლესიაზე გსურთ საუბარი მხოლოდ?! ის რაოდენობა არ გვაქვს რაც რეალურადაა. ექიმებს ჰკითხეთ.”
მეუფე იაკობი – ბოდბელი მიტროპოლიტი
15 აპრილს კი სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით ხელისუფლება და საპატრიარქო საბოლოდ შეთანხმდნენ. შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგია ჩატარდება და მას მრევლიც დაესწრება.
მოქალაქეებს თხოვნით მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, სადაც აღნიშნა, რომ თუ აღდგომის დღეს სახლში არ დარჩებიან, ამას დიდი მსხვერპლი მოჰყვება.
ამასთან, დღეს სოციალურ ქსელში მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა ანალიტიკოსმა, არჩილ გამზარდიამ. როგორც გამზარდიამ დაწერა, მას აქვს ინფორმაცია, რომ დავირუსებულთა რიცხვი მკვეთრად მეტია და ხელისუფლება ამ სტატისტიკას აღდგომის შემდეგ გამოაჩენს, რასაც საპატრიარქოს დააბრალებს.