ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მიუხედავად გარკვეული დისტანცირებისა, საფრთხე რჩება, ვინაიდან მრევლი 9 საათის განმავლობაში იქნება ტაძარში”- ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოქალაქეებმა ის საფრთხე უნდა გაიაზრონ, რის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას, რათა ქვეყანაში ტრაგედია არ მოხდეს.

მინისტრმა მრევლს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ აღდგომის ღამეს ეკლესიაში არ მივიდნენ და ამით საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.

როგორც ტიკარაძემ განაცხადა, ეკლესიაში 21:00 საათამდე მისვლით და დილამდე დარჩენით საფრთხე არ მცირდება.

მისივე თქმით, საფრთხე რჩება, მიუხედავად გარკვეული დისტანცირებისა, ვინაიდან მრევლი 9 საათის განმავლობაში ტაძარში იქნება.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავიაზროთ ეს საფრთხე. პირველი დღიდან მოვუწოდებთ, რომ არც 9-დან 6 საათამდე, არც 6-დან 9 საათამდე საფრთხე არ მცირდება, საფრთხე დგას და მნიშვნელოვანია, რომ გადავინაწილოთ პასუხისმგებლობები სწორად, გავიაზროთ ის საფრთხე, რომლის წინაშეც დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მაგალითი სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ამ რეკომენდაციის არ დაცვით დატრიალდა ის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა,.

საფრთხე რჩება, მიუხედავად გარკვეული დისტანცირებისა, ვინაიდან ისინი 9 საათის განმავლობაში იქნებიან ტაძარში და ეს დროის მონაკვეთი გარკვეულწილად და მნიშვნელოვნად ზრდის, ამიტომ საუკეთესო გამოსავალია, რომ საკუთარი და ეკლესიის წევრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მაქსიმალურად დარჩნენ სახლში,”- განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით ხელისუფლება და საპატრიარქო საბოლოდ შეთანხმდნენ. შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგია ჩატარდება და  მას მრევლიც დაესწრება.

საპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის ცნობით, დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეზოში განაწილდება. მისი თქმით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკლესიებთან მობილიზებული იქნება პოლიცია.

 

 

იტვირთბა....