საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასაფლაოები დაიკეტოს.
როგორც გახარია აღნიშნავს, მსგავსი მაგალითები უკვე არსებობს სხვა ქვეყნებშიც, ხოლო რა იქნება საქართველოში, ეს ვირუსის გავრცელების დინამიკაზეა დამოკიდებული.
„რაც შეეხება რელიგიურ ღონისძიებებს და ჩვენს ტრადიციებს, სასაფლაოს მონახულების. ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, სამწუხაროდ, შეიძლება, გავხდეთ იძულებულები და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. ეს პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელების დინამიკასთან, რომელიც იქნება“,-განაცხადა გახარია.
ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პრეზიდენტმა პარლამენტს ამ წინადადებით უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს.
შეგახსენებთ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე გამოცხადდა.