წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესიის მოძღვარი, გიორგი პაპავა, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, პირველ კომენტარს აკეთებს.
მამა გიორგი აცხადებს, რომ მას პირველი სიმპტომი, კერძოდ ცხელება 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე გამოუვლინდა.
როგორც მამა გიორგიმ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” განუცხადა, მან 7 აპრილს მსახურება ჩაატარა, თუმცა ამბობს, რომ სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია.
“სიმპტომები დამეწყო ხარებას. საღამოს სიცხემ ამიწია, დაახლოებით, 38-მდე, მეორე დღეს უფრო მეტი – 39. მერყეობდა. ყველა დისტანციურად ვართ ხოლმე და მაქსიმალურად კონტაქტი არ მქონია წირვაზე სხვებთან, შორს ვიდექით ყველა. არც აღსარებაზე გავდივართ, რაც დღის წესრიგში ეს საკითხი დადგა. უწმინდესმა გვაკურთხა, რომ აღსარება მაქსიმალურად შეგვეზღუდა და მეც ასე ვცდილობდი. ხარების დღესასწაულზე მე არ მიზიარებია მრევლი. საერთოდ არ გავსულვარ არსად. ვიყავი შიგნით, როგორც კი დასრულდა მსახურება, მე წავედი,”- აცხადებს მამა გიორგი.
ცნობისთვის, მამა გიორგი პაპავა კორონავირუსის ინფექციით გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს, ხოლო დღეს ის დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. კორონავირუსი ინფიცირებული სასულიერო პირის დას და დისშვილსაც დაუდასტურდა, რომლებიც ასევე ბოჭორიშვილის კლინიკაში გადიან მკურნალობას. ამ დრომდე, მათი ინფიცირების წყარო უცნობია.
ვირუსის გავრცელების პერევენციის მიზნით, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესია 20 დღით დაიკეტა.