ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულებაში წარმოუდგენელი და დაუშვებელია”- ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მართლმსაჯულების სისტემაში პოლიტიკისა და პოლიტიკოსების ჩარევა დაუშვებელია.

ოხანაშვილი აღნიშნულით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

მისი თქმით, პოლიტიკოსები ეწინააღმდეგებიან თავიანთ პოზიციას, რომ პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში და ამ დროს, ისინი ამ განცხადებებით სასამართლო სისტემაში ერევიან.

“ერთი მხრივ, ეს ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში ყოველგვარი ჩარევა დაუშვებელია და მე ვეთანხმები სრულად ამ პოზიციას, რომ პოლიტიკოსი და პოლიტიკური ჯგუფი არ უნდა ერეოდეს სასამართლო სისტემაში. თუმცა, ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან საკუთარ პოზიციასვე და ამბობენ იმას, რომ თურმე პოლიტიკური ჯგუფი, პოლიტიკოსები უნდა ჩაერიონ სასამართლო სისტემაში და მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ეს არის დაუშვებელი, ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის. პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულებაში არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა კრიტიკული განცხადებები გააკეთეს.

ამ საკითხზე კრიტიკული განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომაც, სადაც ის სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს. საელჩო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება, რომელიც პოლიტიკური ნიშნით სასამართლო პროცესების თავიდან არიდებას ემსახურება.

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მასობრივი ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა ან მონაწილეობაში სდებს ბრალს.

იტვირთბა....