მთავარი ციტატა

“მთავრობას არ ეგონოს, რომ როცა მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის, ამის გამო თავხედობა გაუვა”

“ხელისუფლება ძალიან ამორალურად იქცევა, როცა კორონავირუსის თემას იყენებს და ტოვებს პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ამერიკის საელჩომ, სადაც ძალიან კონკრეტულად მიუთითა, თუ რა შეთანხმება იყო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და ეს ნიშნავს, რომ ვერანაირი კორონავირუსის თემით სარგებლობა ვერ მისცემს ხელისუფლებას ინდულგენციას, რომ თავი აარიდოს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. მთავარია, რომ ამ პოლიტიურ თაღლითობას შეეშვას „ქართული ოცნება” და საქმე გააკეთოს. არ ეგონოს, რომ როცა საერთაშორისო საზოგადოება, მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის, ამის გამო გაუვა თავხედობა და ვინმე მათ უკანონო ქმედებებზე თვალს დახუჭავს.”

გიორგი ვაშაძე – “ახალი საქართველოს” ლიდერი

ვაშაძე აღნიშნულით “ინტერპრესნიუსთან” ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს გამოეხმაურა.

საქართველოში აშშ-ის საელჩო “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება და სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს. საელჩო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება, რომელიც პოლიტიკური ნიშნით სასამართლო პროცესების თავიდან არიდებას ემსახურება. 

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მასობრივი ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა ან მონაწილეობაში სდებს ბრალს. თუმცა, სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და პატიმრობა მხოლოდ მონაწილეობისთვის მიუსაჯა.

 

იტვირთბა....