ამ დროისთვის, ე.წ. ქობულეთის კლასტერს კორონავირუსის ინფიცირების 25 შემთხვევა უკავშირდება.
ამის შესახებ ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
ქობულეთის მერის ინფორმაციით, ინფიცირებულ პირთან დაკავშირებული კონტაქტების მოკვლევა გრძელდება და ამ დროისთვის უკვე 370-მდე კონტაქტია მოძიებული.
“კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გუშინ 5-ით გაიზარდა, საერთო ჯამში სულ 25 ინფიცირებული გვყავს, მათგან 2 ბათუმის ზონიდანაა, თუმცა, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული. არცერთი შემთხვევა ე.წ. გარე შემთხვევას არ უკავშირდება, ყველა მათგანი იმ კონტაქტების პირთა წრიდანაა, რომლებზეც დაწესებული იყო სპეციალური მეთვალყურეობა. შესაბამისად, კონტაქტების მოძიება გრძელდება. დაახლოებით, 370-მდე არის გაზრდილი სავარაუდო კონტაქტების რიცხვი. ეს იმის მანიშნებელია, რომ ინტენსიური მუშაობა მიდის”,- განაცხადა მირიან ქათამაძემ.
მისივე თქმით, სპეციალური დაკვირვების ქვეშ რჩებიან ის ადამიანები, რომელთაც თერმოსკრინინგის შედეგად გარკვეული სიმპტომატიკა გამოუვლინდათ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქობულეთის ოთხ სოფელში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. შესასვლელებში მოეწყო პლოკპოსტები, საიდანაც ყველა გადასასვლელს პოლიცია და თავდაცვის ძალები აკონტროლებენ.
ამ დროისთვის, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ასევე დაწესებულია ლენტეხში, ბოლნისსა და მარნეულში.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ 296 შეადგინა. მათგან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.