თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ვირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებტან განაცხადა, დღეს მათ ცენტრში ინფიცირებული პაციენტი შევიდა, რომელიც ე.წ. მარნეულის კლასტერიდანაა.
“14-დან დანარჩენი, როგორც ჩემთვის ცნობილია, ძირითადად არის აჭარა, რეგიონებია თუ არ ვცდები. თბილისში 2-3 შემთხვევააა. უმეტესი ქობულეთის კლასტერია, თუმცა იმერეთშიც არის შემთხვევები“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 266-მდე გაიზარდა. მათგან 67 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია სამი პაციენტი.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4872 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 453.
მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქობულეთის ოთხ სოფელში საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. მოეწყო პლოკპოსტები, საიდანაც ყველა გადასასვლელს პოლიცია და თავდაცვის ძალები აკონტროლებენ.
ამ დროისთვის, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ასევე დაწესებულია ლენტეხში, ბოლნისსა და მარნეულში.