ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაა საჭირო. თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას შეზღუდვების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.
„იმისთვის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გვყავდეს ცოტა, ამისთვის საჭიროა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება. იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას და ეკონომიკა გაცოცხლდეს, საჭიროა საგანგებო მდგომარეობის ჩქარა მოხსნა, ან შემსუბუქება.
რთული ვითარებაა, ვდგავართ დიდი დილემის წინაშე. ოქროს შუალედია, დავიცვათ საგანგებო მდგომარეობის ყველა შეზღუდვა და რეკომენდაცია, როგორც ახლა ვიცავთ და გაცილებით უფრო მკაცრად.
დღეს როგორც ვიცავთ, ამაზე ორჯერ მკაცრად თუ დავიცავთ, ორჯერ შევამცირებთ საგანგებო მდგომარეობის პერიოდს. თუ ამას არ გავითვალისწინებთ, გამოვალთ გარეთ, მოვაწყობთ ხალხმრავალ შეკრებებს და ქორწილებს, მაშინ გაუარესდება ავადმყოფების და გარდაცვლილების რაოდენობაც.
შესაბამისად, მთავრობას მოუწევს გააგრძელოს შეზღუდვები კიდევ დიდი ხნით. ამიტომ გავიჭირვოთ დღეს უფრო მეტად და მაქსიმალურად, იმისთვის რომ ეს გაჭირვება იყოს ხანმოკლე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 236 შემთხვევა ფიქსირდება. გამოჯანმრთელებულია 56 პაციენტი, გარდაცვლილია 3. ამასთან, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 370 ადამიანი იმყოფება, კარანტინის რეჟიმში კი – 4856.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,633,448 მიაღწია. გარდაიცვალა 97,602 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 366,673 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19 ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.