ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის აღარ იარსებებს ცალკე პენიტენციური დაწესებულება” – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ პატიმრების ინტერესიდან და ადამიანის უფლებების პრიორიტეტიდან გამომდინარე დაიგეგმა ე.წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაცია.

როგორც წულუკიანი აცხადებს, ე.წ. მატროსოვის ციხის შენობა არის მოძველებული, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, ამიტომაც შარშან დაიგეგმა ამ დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი, როგორც მოძველებული ინფრასტრუქტურის.

“რუსთავში N12 და N 16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა შესაბამის კორპუსს, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტის და გაცილებით უკეთესი, შედარებაც კი არ შეიძლება N9 დაწესებულებასთან. გუშინ მოხდა ეტაპირება. ყველა ბრალდებული თუ მსჯავრდებული, ვინც N 9 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 2 ეტაპად იქნა გადაყვანილი ამ ახალ კორპუსში. მარტის ბოლოს გამოცემულია იუსტიციის მინისტრის ბრძანება N9 დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რომელიც 1 მაისს უნდა დასრულდეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, აღარ იარსებებს ცალკე დაწესებულება პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში N 9 პენიტენციური დაწესებულება შეუერთდება N 12 დაწესებულებას და საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის განკუთვნილი სპეციალური პენიტენციური დაწესებულება. ჩვენ ვთვლით, რომ ყოფილი საჯარო მოხელეები თუ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე პირები, რომელი ჩინის და რანგის მოხელეც არ უნდა იყოს, იქნებიან ერთსა და იმავე დაწესებულებაში და პოლიტიკოსებისა თუ მაღალჩინოსნებისთვის ცალკე პენიტენციური დაწესებულება უკვე 1 მაისიდან აღარ იარსებებს. ყველა ყოფილი საჯარო მოხელე იქნება განთავსებული N 12 დაწესებულებაში, რომლის ნაწილიც ყოფილი მატროსოვის ციხე გახდება 1 მაისიდან,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იტვირთბა....