“მე მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედაეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არ მისვლით, სახლში ლოცვით. დაიცავით არამხოლოდ ამ ვირუსისგან, არამედ სხვა ვირუსებისგანაც. დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარგი არ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რა ფორმით ჩაატარებს ეკლესია აღდგომის ლიტურგიას, ამ დროისთვის უცნობია. ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება და საპატრიარქო კონსულტაციას გადიან.
მთავრობის წარმომადგენლები და სპეციალისტები მუდმივად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ დღესასწაულზე ტრადიციული სახით მსახურების ჩატარება ვირუსის გავრცელების პიკს გამოიწვევს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სააღდგომო მსახურება ე.წ. კომენდანტის საათს ემთხვევა.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 188-მდე გაიზარდა. ინფექციისგან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 კი – გარდაიცვალა.