დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვირუსისგან დაცვის მიზნით, აუცილებელია მოქალაქეებმა ფარები და ნიღბები სწორად გამოიყენონ.
ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იმნაძე ფარებისა და ნიღბების სწორად გამოყენების წესს განმარტავს.
“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენთან საქართველოში უკვე არის ადგილობრივი წარმოება ფარების, რაც ძალიან სასიხარულოა, ოღონდ ძალიან ვთხოვ ყველას, ეს ფარები იხმარონ სწორად. მარტო ფარი ვერ იცავს. ფარი უნდა ვიხმაროთ ნიღაბთან ერთად, ანუ ნიღაბიც უნდა გვეკეთოს და ფარიც. ფარი უნდა იყოს სახეზე ჩამოფარებული, ამიტომ ჰქვია მას ფარი. ფარი არ არის ქუდი და არ უნდა იყოს აწეული“, – განაცხადა იმნაძემ.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ვირუსის გავრცელების გამო სააფთიაქო ქსელში პირბადეების დეფიციტი გაჩნდა, საქართველოში მისი წარმოება დაიწყეს. სამედიცინო პირბადეების დამზადება აჭარაში მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში დამზადებული პირბადეების ფასი ხელმისაწვდომი იქნება.