ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში წარმოებული სამედიცინო პირბადეების გაყიდვა სააფთიაქო ქსელში მომავალი კვირიდან დაიწყება.
ამის შესახებ მინისტრმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც თურნავა აცხადებს, დოლბანდი, რომელსაც პირდაბეების წარმოებისთვის იყენებენ, შეზღუდული რაოდენობით შემოდის, რაც მიწოდებას მეტნაკლებად აფერხებს.
მისივე თქმით, პირბადეების ფასი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
“იცით, ორი კირის წინ დავიწყეთ პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა. ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენ მეტნაკლებად სტაბილურად ავაწყვეთ ნედლეულის მოწოდება, რაც არ არის მარტივი, იმიტომ რომ დოლბანდი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არ იწარმოება საქართველოში. ეს არის შემოსატანი ნედლეული და ქვეყნებს აქვთ გარკვეული შეზღუდვები ამასთან დაკავშირებით დაწესებული. მაგრამ ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მეშვეობით უზრუნველვყავით ეს მეტნაკლებად სტაბილური მიწოდება ნედლეულის და შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ შემდეგი კვირიდან მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს პირბადეები გამოჩნდეს სააფთიაქო ქსელებში ჩვეულებრივ გაყიდვაში. ფასი იქნება ხელმისაწვდომი, რაოდენობა ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავზრდოთ, მაგრამ მაინც არის დაკავშირებული ნედლეულის მოწოდებაზე,- აცხადებს ნათია თურნავა.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ვირუსის გავრცელების გამო სააფთიაქო ქსელში პირბადეების დეფიციტი გაჩნდა, საქართველოში მისი წარმოება დაიწყეს. სამედიცინო პირბადეების დამზადება აჭარაში მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო.