“კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჩვენი საზოგადოების უცოდინარობა ამ მიმართულებით. ოჯახებიდან ძაღლების ჩაბარებას ითხოვენ, იმ მოტივით, რომ თითქოს ძაღლი კორონავირუსის გადამტანია. კარგი იქნება, თუ გამოვლენ ვეტექიმები და გააკეთებენ ამის შესახებ განცხადებას. მინდა მივმართო მოსახლეობას – შინაური ცხოველი, ძაღლი და კატა, კორონავირუსის გადამტანი არ არის. ადამიანს შინაური ცხოველებისგან საფრთხე არ ემუქრება. ბოდიში და ნუ წაიღეს ტვინი, ამაზე ძალიან ბევრი ზარი შემოდის და უკვე ნერვები მაქვს მოშლილი სერიოზულად”
თამაზ ელიზბარაშვილი, ბიზნესმენი, ძაღლების თავშესაფრის მფლობელი
TV პირველი, “დღის ამბები”
5 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 36 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულის გარდაცვალების მეორე შემთხვევა დადასტურდა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ინფიცირებულს, კორონავირუსის გარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.
გარდაცვალების პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში გუშინ დადასტურდა – გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.