ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“80 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც რომანოვების კლასტერიდანაა, მკვეთრად დადებითია” – ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი გადის მკურნალობას.

რატიანის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ კლინიკაში მოათავსეს 13 წლის ბავშვი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია.

„დღეს ჩვენს კლინიკაში წევს 38 ინფიცირებული. შემოგვემატა ერთი 13 წლის ბავშვი, რომელიც არის კოვიდინფიცირებული. ბავშვის ჯანმრთეობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილური, იმყოფება ინფექციონისტებისა და პედიატრების მეთვალყურეობის ქვეშ. რაც შეეხება სხვა ქალბატონების მდგომარეობას, რომლებიც კლინიკაში მკურნალობენ, მკვეთრად დადებითია 62 წლის პაციენტის მდგომარეობა, ის ჩამოვა აუცილებლად ხვალ დღისათვის თერაპიის განყოფილებაში და გააგრძელებს მკურნალობას თერაპევტებთან და ინფექციონისტებთან ერთად“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ რამდენიმე საათში 80 წლის პაციენტს ფილტვის ვენტილაციის აპარატიდან მოხსნიან.

„რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც არის რომანოვების კლასტერი, ის ჩემ მიერ არის გასინჯული რამდენიმე წუთის წინ. პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. მასთან რამდენიმე საათში იგეგმება ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის მოხსნა. აქვე გეტყვით, რომ ორსული ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც არის 22 კვირის, გადამოწმებულია, ამ ეტაპისთვის მისი მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. რაც შეეხება მეორე ორსულ ქალბატონს, რომელიც არის 19 წლის და 8 კვირის ორსული, აქაც ფიზიოლოგიურ პარამეტრებშია როგორც ნაყოფი, ასევე დედა. ჩვენი კლინიკა დინამიურად იღებს პაციენტებს, ვემსახურებით საქართველოს კრიტიკულ პაციენტებს”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.  გარდაცვლილი 79 წლის ქალია. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა. გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია განახლდა stopcov.ge-ზეც.

ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილი ქალი ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტერს მიეკუთვნება.

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვასთან დაკავშირებულ წესებზე ისაუბრა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 157-მდეა გაზრდილი.

ქვეყანაში კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანრმთელებულთა რაოდენობა დღეს დილით 28-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....