მარნეულის მერიასთან სოფელ ქვემო ქესალოს ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათ სასმელი და სარწყავი წყალი არ მიეწოდება და მერიას დახმარების თხოვნით მიმართეს.
აქციის მონაწილეების სოციალურ დისტანცირებას პოლიციის თანამშრომლები უზრუნველყოფდნენ.
პროტესტს გამოეხმაურა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი და აღნიშნა, რომ მან რამდენიმე დღის წინ შეიტყო პრობლემის შესახებ.
ზაურ დარგალის ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლის 70-ვე ოჯახი სასმელი წყლით უზრუნველყოფილია.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც მარნეულში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოცცხადა. მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე საზოგადოებრივ წესრიგს იცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ქალაქში შემსვლელ და გამსვლელთა კონტროლს საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.
მარნეულში მოეწყო საველე ჰოსპიტალიც, სადაც მოქალაქეების სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს.