დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ფული, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ყველა ნივთი, რომელიც ხელიდან ხელში გადადის, ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით სახიფათოა.
ამის შესახებ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ნაღდი ფულის დამუშავებაც ინდივიდუალურ პირობებშიც შესაძლებელია.
„საქართველოს ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები დიდი ხანია, უკვე დეზინფექციას აკეთებენ. აქ საუბარია არა ვთქვათ, როდესაც ბანკომატიდან იღებს ფულს ადამიანი, არამედ ხელიდან ხელში გადაცემაზე. ხელიდან ხელში ნებისმიერი ნივთი შეიძლება, იყოს საფრთხის შემცველი. ამიტომაც არის ჩვენი ყველა რეკომენდაცია, რომელიც შეეხება სიფრთხილეს, არ არის საუბარი მხოლოდ ფულზე, რომელიც ხელიდან ხელში გადადის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს საფრთხილოა და რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ პირობებშიც შესაძლებელია დამუშავება, ეს იქნება სადეზინფექციო ხსნარები, თუ იგივე ცხელი უთოს გამოყენება, საკმაოდ ეფექტიანი იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, ფულის გზით ვირუსის გადადებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა რომ ეროვნული ბანკის თანამშრომლები კორონავირუსით დაინფიცირდნენ.
2 აპრილს სებ-ის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას შემდეგ, რაც ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს საეჭვო სიმპტომები აღმოაჩნდა, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. უწყებაში განმარტავენ, რომ მიმოქცევიდან შემოსული ფული საკასო ცენტრში თავსდება და 14 დღის განმავლობაში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ინახება.