დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველო ელოდება ხარისხიან სწრაფ ტესტებს, რათა ინფიცირების ყველა შესაძლო შემთხვევა იყოს დაფიქსირებული.
ამის შესახებ პაატა იმნაძემ ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად ხარისხიანია ქვეყანაში არსებული სწრაფი ტესტები.
ამასთან, იმნაძე აღნიშნავს, დღეს ვირუსზე ანალიზი “ოქროს სტანდარტით” კეთდება, რაც ბევრად საიმედოა.
“ვამბობდი, რომ ჯერ თავი შევიკავოთ-მეთქი და რატომ არ არის, რატომ არ არისო. მერე, ვთქვი, რომ აი, ბატონო, არის-მეთქი და რატომ არისო. რა ვქნა, ახლა “ჭრელო პეპელა ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო”. ვამბობ და ვიძახი, ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს. დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი. იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა “ჭრელო პეპელა” არ ვარ”,- აცხადებს იმნაძე.
შეგახსენებთ, საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანის საკითხმა არაერთი კითხვა გააჩინა. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ტესტების შემოტანის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგები კი აცხადებენ, რომ მთავარია, სწრაფი ტესტის ხარიხი იყოს მაღალი და ვირუსული ინფექციის დადგენა ასპროცენტიანი სიზუსტით შეძლოს.
რაც შეეხება ვირუსის ინფიცირების მაჩვენებელს, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების რიცხვი 148-მდე გაიზარდა. მათგან, 27 პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა. ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5550, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 პირი.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.