გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი პურის მწარმოებელი მსხვილი კომპანიების – შპს ,,პურის“ (იფქლი დიღომი) და „იფქლის“ საწარმოო სიმძლავრეებს და არსებული მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ.
„დღევანდელ რთულ ვითარებაში, მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პურის ინდუსტრიის შეუფერხებელი ფუნქციონირება და პურზე ფასის შენარჩუნებაა. ამ კუთხით ჩვენ უწყვეტ მონიტორინგს ვახორციელებთ. ასევე, აქტიური შეხვედრები გვაქვს მწარმოებლებთან, ფქვილისა და სხვა ინგრედიენტების იმპორტიორებთან, რათა წარმოებას პრობლემები არ შეექმნას. დღეისათვის მარაგები საკმარისზე მეტია, წარმოების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროდუქციის მიწოდების უწყვეტად განხორციელებისთვის, პურის მწარმოებელი საწარმოები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.
შპს „პური“, დღიურად, 14 სახეობის 120 000 ცალ პურს აწარმოებს. საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა, დაახლოებით, 300 ადამიანის შეადგენს. კომპანია „იფქლი” 37 სახეობის პურის წარმოებას ახორციელებს. ქარხნის წარმადობა დღეში 180 000 ცალი პურია. კომპანიაში, დაახლოებით, 450 ადამიანია დასაქმებული.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4 876 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 264 პირი რჩება.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა, მათ შორის იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.