ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

(ვიდეო): პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, 3 პირი დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულების წესით გადაიყვანა

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, 3 პირი დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულების წესით გადაიყვანა. ამის შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალი კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელების აღკვეთის და პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს.

ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და გურიის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.

ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 13 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 4 505 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247 პირი რჩება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....