დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა სოციალური დისტანცია დაიცვან და სახლში დარჩნენ, რათა მდგომარეობა არ გაუარესდეს.
როგორც იმნაძემ უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ გამარტულ ბრიფინგზე განაცხადა, თუ მოქალაქეები რეკომენდაციას არ გაითვალისწინებენ და ამას სიტუაციის გაუარესება მოჰყვა, არაა გამორიცხული, საქართველოს სხვა ტერიტორიებიც კარანტინის ზონებად გამოცხადეს.
“მოწოდება – დარჩი სახლში, ამის დაცვა მაქსიმალურად მოხდება და თუ საჭირო გახდება, ზუსტად ისეთივე საკარანტინო ზომების მიღება მოხდება მთელ ქვეყანაში, როგორიც დღეს ორი მუნიციპალიტეტის ტერტორიაზე ხორციელდება. ისევ და ისევ რჩება ყველასათვის ეს მოწოდება – დარჩი სახლში“, – განაცხადა იმნაძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. მათგან ერთ-ერთი ახალი პაციენტი ბოლნისში მცხოვრები 22 წლის ორსული გოგოა.
23 მარტს, რაც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა.