ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში სადეზინფექციო სითხის დისპენსერები დამონტაჟდა

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში სადეზინფექციო სითხის დისპენსერები დამონტაჟდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ავტობუსში ასვლა-ჩამოსვლისას, მგზავრებს საშუალება, აქვთ ხელები სადეზინფექციო საშუალებით დაიმუშაონ.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სითხის დისპენსერები 120-ვე ავტობუსში დამონტაჟდა.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 055 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი რჩება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....