თსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებულ ჩვილს და მის დედას კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
როგორც ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩვილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
„ჩვილ ბავშვთან კორონავირუსი არ დადასტურდა. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტს ვირუსის არანაირი კვალი არ აღენიშნება. რაც შეეხება ჩვილის მდგომარეობას, 14 დღის ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. როცა შემოვიდა, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, ამ წუთებში ითვლება, რომ მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დინამიკა ძალიან დადებითია და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. მინდა აქვე ვთქვა, რომ დედას ტემპერატურა აღარ აქვს და თავს უკეთესად გრძნობს. დედა მარნეულშია. ვირუსი არ დაუდასტურდა, გუშინ აღებული ტესტი უარყოფითია“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 055 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი რჩება.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.