შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს.
მუნიციპალიტეტებში, მოსახელობისთვის ცხოვრების ჩვეული რიტმის ცვლილებამ შექმნა უჩვეულო სიტუაცია, რის გამოც ადგილობრივი მოქალაქეები რიგ შემთხვევებში გარკვეულ შფოთს გამოხატავენ. თუმცა მათთან მუშაობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ისინი სრულ მზადყოფნაში არიან მოსახლეობის მხარდაჭერისთვის.
მარნეულსა და ბოლნისში, ასევე მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, საკარანტინო შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, 24 საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ. ამ დროისათვის, მუნიციპალიტეტებში შექმნილი ვითარება დამაკმაყოფილებელია და კონტროლს სრულად ექვემდებარება.
რეგიონში გადაადგილება ძირითად გზებზე განთავსებული 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგოს საშუალებით კონტროლდება. ასევე, კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზები, სადაც განთავსებულია მობილური საგუშაგოები. მუდმივი კონტროლი ხორციელდება მობილური ჯგუფების მეშვეობითაც.
საკარანტინო პირობები მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვას ითვალისწინებს. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.
მდგომარეობიდან გამომდინარე მოვუწოდებთ მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და შეასრულონ მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 8 პირი. 5 გამოჯანმრთელებული საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.