პრემიერ მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში, ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ჩიქოვანმა აღნიშნა, გადაწყვეტილება, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
“საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა დამატებითი გადაწყვეტილებები, რაც გულისხმობს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას. ქვეყანა გადავიდა უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შიდა გავრცელების სიჩქარე შევაჩეროთ. ამიტომ, ვზღუდავთ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის, მატარებლით სამგზავრო გადაზიდვებს. შეზღუდვა დღის ბოლოს ამოქმედდება”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 8 პირი. 5 გამოჯანმრთელებული საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.