ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მარნეულიდან შემოსული ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება” – ლალი ტურძელაძე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალის მდგომარება კრიტიკულია.

როგორც ტურძელაძემ ჟურნალისტებს უთხრა, პაციენტი, რომელსაც თანმხლები დაავადებები აქვს, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“მარნეულიდან შემოსული 62 წლის ქალბატონის მდომარეობა კრიტიკულია, წევს რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნურ სუნთქვაზე. აქვს თანმხლები დაავადებები – აქვს დიაბეტი. აქვს ორმხრივი რესპირატორული დისტრეს სინდრომი, რაც პნევმონიაზე უარესია.  აღენიშნება სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტემპერატურა”, – უთხრა ჟურნალისტებს ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 8 პირი. 5 გამოჯანმრთელებული საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

 

 

იტვირთბა....