ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მარნეულში ინფიცირებული პაციენტის ყველა შესაძლო კონტაქტის კვლევა მიმდინარეობს, უკვე 90-მდე კონტაქტია მოძიებული” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მარნეულში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის უშუალო წყარო ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.

როგორც გამყრელიძე ამბობს, მიმდინარეობს ყველა შესაძლო კონტაქტის კვლევა და 90-მდე კონტაქტი მოძიებულია.

„დღეს გვაქვს ახალი კორონავირუსის 54 შემთხვევა, შემთხვევები იზრდება და ამას ჩვენ ვპროგნოზირებდით და ვპროგნოზირებთ, რომ რაოდენობა გაიზრდება. მარტო მარნეული გაზრდის თუ არა, ამას ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რადგან ახლა მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა ამასთან დაკავშირებით. საკმაოდ ბევრი კონტაქტი გამოიკვეთა და მათი შემდგომი ლაბორატორიული კვლევის შედეგები გვეტყვის, რამდენად გაიზრდება ან არ გაიზრდება შემთხვევების რაოდენობა მარნეულის საფუძველზე. უშუალოდ წყარო ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, მიმდინარეობს რამდენიმე სავარაუდო წყაროზე მუშაობა, რადგან ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ იყო დიდი სარიტუალო სუფრა, სადაც გახლდნენ როგორც აზერბაიჯანიდან შემოსული ადამიანები, აგრეთვე ადგილობრივები. პაციენტის მდგომარეობა დანარჩენ პაციენტებთან შედარებით, გაცილებით მძიმეა, მრავალი ფაქტორია, რამაც ასეთი მდგომარეობა გამოიწვია, ერთი მიზეზი არ არის“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. 54 ინფიცირებულიდან 3 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 2 956 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 291 პირი რჩება.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გუშინ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

რაც შეეხება გლობალურ ვითარებას, მსოფლიოს მასშტაბით, ახალი ვირუსით ინფიცირების 319 675 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 13 699 პირი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 96 006 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....