მთავარი ციტატა

“ამ ეტაპზე გვყავს კორონავირუსით ინფიცირებული 3 მძიმე ავადმყოფი”

„ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე, 32 პაციენტი მკურნალობს. ამ პაციენტებიდან, როგორც დილით აღვნიშნე, მდგომარეობა არ შეცვლილა, ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს 3 მძიმე ავადმყოფი. 2 ქალბატონი, შედარებით ასაკოვანია, მათგან ერთს აქვს თანარსებული ჰიპერტონული დაავადება, მეორეს ასაკთან ერთად, მძიმე ნევროლოგიური დაავადებაც აქვს, რის გამოც ეს ორივე პაციენტი, გარკვეულწილად ისევ, პროგნოზულად პროგრესირების თვალსაზრისით, მძიმე პაციენტებად მოიაზრებიან. გარდა ამის, კიდევ ერთი პაციენტი გვყავს მძიმე, რომელიც გუშინ შეგვემატა. ესეც შუახანს გადაცილებული პირი არის, რომელსაც თანარსებული დაავადება აქვს, შაქრიანი დიაბეტის სახით და საკმაოდ მძიმე პნევმონია”

მარინა ეზუგბაია – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. 54 ინფიცირებულიდან 3 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 2 956 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 291 პირი რჩება.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გუშინ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

რაც შეეხება გლობალურ ვითარებას, მსოფლიოს მასშტაბით, ახალი ვირუსით ინფიცირების 319 675 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 13 699 პირი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 96 006 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

იტვირთბა....