“დღეს ჩვენთვის ერთ-ერთი პირველი ამოცანა უნდა იყოს უფროსი თაობის მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, აუცილებელია, უახლოეს დღეებში მიზნობრივი დახმარების პროგრამა განხორციელდეს.
“აუცილებელია, რომ ჩვენ უახლოეს დღეებში განვახორციელოთ მიზნობრივი დახმარების პროგრამა – სამედიცინო ვაუჩერი ყველა პენსიონერს ქვეყანაში, 100 ლარის ოდენობით, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ ახლა შეიძინონ ის მედიკამენტები, რაც სჭირდება იმუნიტეტის გაძლიერებას და ისინი უკეთ მომზადებული შეხვდნენ პანდემიას”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისივე თქმით, ეს არ არის ძალიან დიდი ხარჯი სახელმწიფოსთვის, თუმცა მნიშვნელოვანი ერთჯერადი დახმარება იქნება უახლოეს დღეებში ყველა პენსიონერისთვის.
“760 ათასი პენსიონერი გვყავს ჩვენს ქვეყანაში, ანუ 76 მილიონი დასჭირდება ამ პროგრამის განხორციელებას. ვფიქრობ, რომ, თუ ხელისუფლება შეამცირებს არასაჭირო ადმინისტრაციულ ხარჯებს, აუცილებლად და მარტივად შეიძლება ამ თანხის გამოძებნა”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით 47 ადამიანია დაინფიცირებული. ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.