ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოსახლეობა სურსათს შეუფერხებლად მიიღებს”, – სოფლის მეურნეობის მინისტრი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის საკითხები განიხილა.

„დღეს არსებულ ვითარებაში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის კოორდინირებული საქმიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ქვეყანაში მომარაგების კუთხით შეფერხება არ მოხდეს და განსაზღვრულ ძირითადი მოხმარების ცხრა სასურსათო პროდუქტზე ფასები არ გაიზარდოს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრაზე.

ლევან დავითაშვილმა ქსელური სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს გააცნო ის მექანიზმი, რომელითაც სახელმწიფო ძირითადი მოხმარების ცხრა სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო) ფასებს დააზღვევს.

დავითაშვილის თქმით, სამინისტროში შემუშავდა „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“ – პროგრამას განახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“, შემოსავლების სამსახურთან ერთად. ყველა იმ იმპორტიორი კომპანიისთვის, რომელიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით მოახდენს ცხრა ძირითადი პროდუქტის შესყიდვას, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, გარკვეული პირობებით, სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას მოახდენს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასურსათო უზრუნველყოფაში ჩართულ ყველა რგოლთან აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ პროდუქციის მიწოდების სრული ჯაჭვი შეუფერხებლად ფუნქციონირებდეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა და საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით 47 ადამიანია დაინფიცირებული. ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.

იტვირთბა....